English / ქართული / русский /
ლინა დათუნაშვილი
"მწვანე" ეკონომიკა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება

ანოტაცია. სტატიაში გაანალიზებულია "მწვანე" ეკონომიკის არსი, მისი წარმოშობის აუცილებლობა, განვითარებული ქვეყნების მთავრობების ძალისხმევა "მწვანე" ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, მათ შორის სოფლის მეურნეობის დასაფინანსებლად. ყურადღება გამახვილებულია: ინვესტიციებზე და მის არათანაბარ დაბანდებაზე მეურნეობის რიგ დარგებში, სოფლის მეურნეობის ეკოლოგიზაციაზე, მწვანე სოფლის მეურნეობის განვითარებისა და გავრცელების მასშტაბის გაფართოებაზე. დახასიათებულია განვითარებული ქვეყნების ინდუსტრიული და განვითარებადი ქვეყნების ნატურალური სოფლის მეურნეობა, რომლებიც წარმოების პროცესში როგორი სახის ზიანს აყენებენ გარემომცველ ბუნებას. აღნიშნული ნეგატიური შედეგების შერბილების მიზნით წინა პლანზე წამოწეულია ტრადიციულის ნაცვლად ორგანული სოფლის მეურნეობა, რომელიც ემყარება ბუნებრივი საშუალებების: (თესლბრუნვა, კომპოსტი, მავნებლების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდები, ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნების მიზნით მისი მექანიკური დამუშავება) გამოყენებას და უარს ამბობს სინთეტიკური სასუქებისა და ქიმიური საშუალებების ნიადაგში შეტანაზე, ცხოველთა საკვებში დანამატებისა და გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტების გამოყენებაზე.

საკვანძო სიტყვები: მწვანე ეკონომიკა, ინდუსტრიული, ნატურალური, ორგანული სოფლის მეურნეობა.

* * *

ბოლო პერიოდში პლანეტაზე მნიშვნელოვნად შეიცვალა გარემო პირობები. ბუნებრივი რესურსების არარაციონალურმა გამოყენებამ, სამრეწველო ობიექტებისა და ტრანსპორტის გამონაბოლქვმა, სასუქებისა და პესტიციდების უყაირათო ხარჯვამ, სამრეწველო ნარჩენებით წყლისა და ნიადაგის დაბინძურებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ დიდი ზიანი მიადგა ბუნებას, მის მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს. გარემოს დაბინძურებამ მრავალი სახის დაავადების გამწვავება გამოიწვია. მაგ. უფრო აქტიური გახდა ალერგიული დაავადება და სხვა.
როგორც ვხედავთ, დღეს ფართოდ გავრცელებულმა ტრადიციულმა ეკონომიკამ საზოგადოებისა და გარემო პირობების ურთიერთკავშირი და ურთიერთ¬დამო-კიდებულება კრიტიკულ ზღვრამდე მიიყვანა, რის გამოც წინა პლანზე წამოიწია არსებული ეკონომიკის ალტერნატიული ეკონომიკით შეცვლის საკითხმა, რომელიც შეამცირებს გარემო რისკებს, ეკოლოგიურ დანაკარგებს და მიმართული იქნება პლანეტის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებასა და სოციალურ თანასწორობაზე. ასეთია "მწვანე" ეკონომიკა, რომელიც ემყარება ეკონომიკის მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიური ეკონომიკის ცოდნას. "მწვანე" ეკონომიკა განსაკუთრებულ აქცენტს ქვეყნის ბუნებრივ კაპიტალზე აკეთებს, რითაც ამცირებს გარემოს დაბინძურებას, მის დეგრადაციას, კლიმატის ნეგატიურ ცვლილებას, ბუნებრივი და სხვა რესურსების ამოწურვის საშიშროებას და სხვა.
"მწვანე" ეკონომიკა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს განვითარების პროგრამის თანახმად _ ეს არის ეკონომიკური სისტემის ტიპი, რომელიც ხელს უწყობს კაცობრიობის კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და სოციალურ თანასწორობას ეკოლოგიური რისკებისა და ეკოლოგიური "დეფიციტის" ერთდროულ შემცირებასთან ერთად.
ტერმინი "მწვანე" ეკონომიკა ახალია (GE). იგი პირველად 1989 წელს იქნა გამოყენებული ნაშრომში "მწვანე ეკონომიკის პროექტი", რომელიც მიეძღვნა ეკონომიკის მდგრადი განვითარების საკითხებს. ამ დროიდან ტერმინს "მწვანე" ეკონომიკა-ს ხშირად იყენებენ საჯარო და მასობრივი ინფორმაციის _ პრესისა და ტელევიზიის საშუალებებში, სამეცნიერო დისკუსიებში და სხვა.
"მწვანე" ეკონომიკა ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ყველაფერი, რაც დედამიწის ზედაპირზე არსებობს მჭიდრო ურთიერთკავშირშია, ამასთან, იმასაც, რომ შეზღუდული რაოდენობის სხვადასხვა სახის რესურსის პირობებში ნაკლებად შესაძლებელია საზოგადოების მუდმივად მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილება, ისევე, როგორც განსაზღვრულ სივრცეში გავლენის სფეროების უსაზღვრო გაფართოება.
"მწვანე" ეკონომიკა ხელს უწყობს "მწვანე" სამუშაო ადგილების შექმნასა და სიღარიბის შერბილებას. აღნიშნული ეკონომიკა საზოგადოების განვითარებისათვის აუცილებელ იმ ძირითად სექტორებს მოიცავს, როგორიც არის: განახლებადი ენერგია, სუფთა ტრანსპორტი, მწვანე შენობები, წყლის, ნარჩენებისა და მიწის მენეჯმენტი.
სპეციალისტების აზრით, უახლოესი მომავლის ეკონომიკა _ სწორედ "მწვანე" ეკონომიკაა, რომელიც თანდათან ვრცელდება მთელ მსოფლიოში. ამჟამად განვითარებული ქვეყნების მთავრობები ძალისხმევას არ იშურებენ და ქვეყნის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვან თანხებს გამოყოფენ (მაგ. ევროკავშირმა 2009 წელს ამ პრობლემის კვლევისათვის ბიუჯეტი 300%-ით გაზარდა, ჩინეთმა 2010 წელს 34 მლრდ დოლარი დახარჯა სუფთა ენერგიის დასაფინანსებლად და პირველი ადგილი დაიკავა ამ დარგში დაბანდებული ინვესტიციებით, შემდეგ მოდის აშშ-ი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და ბრაზილია), "მწვანე ეკონომიკის" სხვადასხვა სექტორის დასაფინანსებლად, მათ შორის სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში, ენერგეტიკაში, მშენებლობაში, ტრანსპორტში, ნარჩენების გადამუშავებაში, ეკონომიკის მართვის პოტენციალის გაძლიერებაში, "მწვანე" ეკონომიკის სხვადასხვა სამსახურში მომუშავეთა სწავლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაში, ამ სექტორში სამეცნიერო კვლევის ხელის შეწყობაში, საგადასახადო შეღავათების გაზრდაში, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების შემუშავება-დანერგვაში და სხვა.
ამგვარად, საზოგადოების კეთილდღეობის ასამაღლებლად, სოციალური უთანაბრობისა და სასურსათო უსაფრთხოების შესარბილებლად, ეკოლოგიური რისკებისა და სიღარიბის შესამცირებლად პლანეტის მოსახლეობისთვის აუცილებელია "მწვანე" ეკონომიკა. დღეისათვის მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 40% ღარიბია, რომლებიც დღეში ძალიან მცირეს _ 10 დოლარამდე თანხას მოიხმარს. ამასთან, მსოფლიოში სწრაფი ტემპით წარმოებს სხვადასხვა სახის ნედლეულის მოპოვება, რომელიც 50%-ზე მეტია, ვიდრე ეს იყო გასული საუკუნის 80-იან წლებში და ამ რაოდენობის თითქმის 80%-ს მოიხმარს მოსახლეობის 20%, რომლებიც წარმოადგენენ მოსახლეობის უმდიდრეს ნაწილს. მოსახლეობის ცხოვრების დონეებს შორის ასეთი სახის უთანაბრობა ნეგატიურ ასახვას პოულობს ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაზე.
ცნობილია, რომ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს ინვესტიციები, მაგრამ რეალობაში შეინიშნება კაპიტალის არათანაბარი დაბანდება მეურნეობის რიგ დარგებში. ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე სხვადასხვა ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალის მთლიანი მოცულობიდან ყველაზე დიდი ინვესტიცია ჩადებული იქნა სხვადასხვა სახის საკუთრების შეძენასა და ბუნებრივი რესურსების (მაგ. სათბობის) მოპოვებაში, ასევე სტრუქტურირებად ფინანსურ აქტივებში. შედარებით მცირე კაპიტალი _ განახლებადი ენერგიის წყაროების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მყარი სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ნიადაგისა და წყლის რესურსების, ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე (UNEP, 2009).
ამ თვალსაზრისით ფრიად აქტუალურია სოფლის მეურნეობის ეკოლოგიზაცია, რომელიც ხელს უწყობს გარემო პირობების გაჭუჭყიანების შემცირების ხარჯზე ეკოლოგიური რესურსების: ნიადაგის, წყლის, ატმოსფეროს და ბიომრავალფეროვნების აღდგენას და შემდგომ მათ უფრო ეფექტურ გამოყენებას, ასევე მწვანე სოფლის მეურნეობის განვითარებას, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი საშუალებაა ინვესტიციები. ამ სფეროში ინვესტიციების პრიორიტეტს წარმოადგენს კაპიტალის დაბანდება სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში, ასევე ნიადაგში ორგანული ნივთიერებების წარმოქმნისა და შენარჩუნების, წყლის რესურსების გამოყენების გაუმჯობესების, მცენარეთა და ცხოველთა ჯიშების დივერსიფიკაციისათვის და სხვა.
ამჟამად კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს "მწვანე" სოფლის მეურნეობის განვითარებისა და გავრცელების მასშტაბის გაფართოება წამყვან აგრობიზნესთან პარტნიორობის მეშვეობით. ეს ეხება იმ კორპორაციებს, რომლებიც დაკავებული არიან სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროში კომერციული საქმიანობით, ისეთის, როგორიც არის თესლის, პესტიციდების, კვების პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია. სწორედ ამ კორპორაციებს გააჩნიათ უპირატესი უფლება, რომ განსაზღვრონ, თუ როგორ და რა საშუალებით წაახალისონ და მხარი დაუჭირონ _ „მწვანე“ სოფლის მეურნეობის შემდგომ განვითარებას და დარგის ჩართვას მსოფლიო მეურნეობრივ სისტემაში.
ბოლო პერიოდში მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ინტენსიურად მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიულ საფუძველზე გარდაქმნა. ამ ქვეყნებში უპირატესად ფუნქციონირებენ მსხვილი კაპიტალისტური მეურნეობები, რომლებიც აქტიურად იყენებენ დარგისთვის განკუთვნილ უახლეს მანქანურ ტექნიკასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს, ასევე ამ სფეროს განვითარებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ სუბსიდიებს, რაც ხელს უწყობს დარგის მაღალ მწარმოებლურობას.
ამ ქვეყნებში მსხვილ კაპიტალისტურ მეურნეობებთან ერთად ხელშეკრულების საფუძველზე საქმიანობენ ფერმერული მეურნეობები. აღნიშნული მეურნეობები ერთობლივად, სრულად უზრუნველყოფენ განვითარებული ქვეყნების მოსახლეობას სურსათით. ამასთან, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სოფლისმეურნეობრივი სექტორისათვის სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა ფრიად აქტუალურია. ეს ეხება განვითარებად ქვეყნებს, სადაც ძირითადად გავრცელებულია ექსტენსიური ტიპის დაბალმწარმოებლური სოფლის მეურნეობა, რომელიც ემყარება ხელით შრომას და სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის გადიდებას, ტყის ფართობების შემცირების ხარჯზე. ამ ქვეყნებში სახნავი ფართობის დაახლოებით 60%-ს ამუშავებს 525 მლნ-მდე ფერმერი, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში არ აქვთ ტექნიკისა და ინოვაციების გამოყენების, ასევე კრედიტის აღების შესაძლებლობა. ასეთი სახის ნატურალური სოფლის მეურნეობა ვერ უზრუნველყოფს ამ ქვეყნების მოსახლეობას საკმარისი რაოდენობის კვების პროდუქტებით.
ამგვარად, არსებული ეკონომიკის ფარგლებში სახეზეა ერთი მხრივ, ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა, რომელიც ხელს უწყობს სასურსათო უსაფრთხოების შემცირებას, ხოლიო მეორე მხრივ, ექსტენსიური, ხელით შრომასა და ნატურალურ მეურნეობაზე დამყარებული სოფლის მეურნეობა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მსოფლიოს მოსახლეობის ნაწილის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას საკმარისი სურსათით.
ტრადიციული ეკონომიკის შიგნით ფუნქციონირებადი ორივე სახის სოფლის მეურნეობა (ინდუსტრიული და ნატურალური) წარმოების პროცესში მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემომცველ ბუნებას, რაც გამოიხატება პირველ შემთხვევაში ნიადაგის გაღარიბებასა და გამოფიტვაში, სასოფლო-სამეურნეო მიწების არარაციონალურ გამოყენებაში, ნიადაგის დეგრადაციასა და ეროზიული პროცესების ინტენსიურობაში, მინერალებისა და წიაღისეული მადნეულის ღია წესით ჭარბ მოპოვებაში, სამრეწველო და სატრანსპორტო საშუალებების მნიშვნელოვან გამონაბოლქვში და საძოვრების დეგრადაციაში, ხოლო მეორე შემთხვევაში ყოველივე ზემოთ აღნიშნულს ემატება ტყეების გაჩეხვითა და გამეჩხერებით გარემო პირობებზე ნეგატიური გავლენა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა უკვე დღეისათვის არის ფრიად აქტუალური მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სოფლისმეურნეობრივი სექტორისათვის, რადგან პლანეტის მოსახლეობამ უკვე მიაღწია 7,3 მილიარდ ადამიანს, ხოლო 2050 წლისთვის მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
მხედველობაში ვიღებთ იმ ფაქტს, რომ კაცობრიობამ პრაქტიკულად ამოწურა მიწათმოქმედებისთვის საჭირო სათესი ფართობის არსებითი გადიდების, ასევე პლანეტის მოსახლეობის სურსათზე სულ უფრო გადიდებული მოთხოვნილების დაკმაყოფილების შესაძლებლობა, რის გამოც საჭირო ხდება სოფლის მეურნეობის გადასვლა იმ მეურნეობრივ სისტემაზე, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ვაწარმოოთ ჯანმრთელობისთვის უვნებელი მაღალი ხარისხის კვების პროდუქტები. ამასთან, შევამციროთ გარემო პირობებზე ეკოლოგიური დატვირთვა.
თანამედროვე პირობებში მსოფლიო თანამეგობრობა სულ უფრო მეტად ეჯახება არსებული გლობალური პრობლემების ნეგატიური შედეგების ზრდასა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებაში წარმოქმნილ ახალ რისკებს. ველური ბუნების მსოფლიო ფონდის ინფორმაციით 1970_2008 წლებში გლობალური ბიომრავალფეროვნება შემცირდა 30%-მდე, ხოლო ბოლო 45 წლის განმავლობაში მოთხოვნა ბუნებრივ რესურსებზე გაორმაგდა. საზოგადოების უყაირათო საქმიანობით გამოწვეული ეკოლოგიური დანაკარგი გარემომცველ ბუნებაზე განვითარებულ ქვეყნებში სადაც შემოსავლების დონე მაღალია _ 5-ჯერ აღემატება იმ ქვეყნების მაჩვენებელს, სადაც მოსახლეობა შემოსავლის დაბალი დონით გამოირჩევა. ამ ფონზე პლანეტის მოსახლეობის მოთხოვნილების პრობლე¬მებში პირველხარისხოვან ადგილს იკავებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელი ეკოლოგიურად სუფთა სურსათის წარმოება, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის 30% ყოველწლიურად იტანჯება იმ დაავადებებისაგან, რომლებსაც იწვევს უხარისხო საკვები. აღნიშნული პრობლემები, რომლებიც უკავშირდება ამ საკითხს, მოითხოვს დაუყოვნებლივ გადაწყვეტას. ამ პრობლემებმა ასევე ასახვა უნდა ჰპოვოს საზოგადოებისა და ბუნების განვითარების პერსპექტიულ სტრატეგიაში. ასეთ სტრატეგიას წარმოადგენს მყარი განვითარების სტრატეგია რომელიც ითვალისწინებს თანაბარი მნიშვნელობის სამ მთავარ შემადგენელს: ეს არის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური. კონცეფცია "მწვანე" ეკონომიკა, რომელიც დაკავშირებულია მყარი განვითარების ამოცანის გადაწყვეტასთან. აღნიშნული კონცეფციის მომხრეები თვლიან, რომ არსებული ეკონომიკური სისტემა არ არის სრულყოფილი და იწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგს, სახელდობრ: ეკოლოგიურ პრობლემებს, ბუნებრივი კაპიტალის გამოფიტვას, ფართო მასშტაბით სიღარიბეს, ბუნებრივი რესურსების დეფიციტს და სხვა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის "Puo+2" კონფერენციის გადაწყვეტილების შესაბამისად სასურსათო უსაფრთხოება, ეკოლოგია და სოფლის მეურნეობის მყარი განვითარება წარმოადგენს "მწვანე" ეკონომიკის პრიორიტეტულ სფეროებს. ამასთან, ხაზგასმულია რომ, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჯანმრთელობისთვის უვნებელი მაღალი ხარისხის კვების პროდუქტებით შეუძლებელია პირველადი საწარმოო ბაზის _ სოფლის მეურნეობის მყარი განვითარების გარეშე.
ძირითადი ამოცანები, რომლებიც დგას დარგის წინაშე, ეს არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და ხარისხიანი საკვები პროდუქტების წარმოება, ეკოსისტემის შენარჩუნება და მისი სიცოცხლისუნარიანობის ამაღლება, აგრეთვე სოფლის მეურნეობის მყარი განვითარება. აღნიშნული ამოცანის შესრულება უნდა განხორციელდეს უკვე არსებული კონცეფციის _ ორგანული სოფლის მეურნეობის ჩარჩოში.
ევროპელი მეცნიერი _ აგრარიკოსი ფრანკ ეიხორნი ორგანული სოფლის მეურნეობის ქვეშ მოიაზრებს სოფლისმეურნეობრივი წარმოების სისტემა, რომელიც ეფუძნება ბუნებრივ საშუალებებს, რომელსაც მიეკუთვნება თესლბრუნვა, კომპოსტი, მავნებლების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდები, ნიადაგის მექანიკური დამუშავება, რათა შენარჩუნებული იყოს ნიადაგის ნაყოფიერება, ამასთან მთლიანად სინთეტიკური სასუქებისა და ქიმიური საშუალებების, როგორც მცენარის დაცვის საშუალებების, ისე ცხოველთა საკვებში დანამატებისა და გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტების გამოყენების სრული გამორიცხვით.

გამოყენებული ლიტერატურა

1. მაია ბლიაძე | mastsavlebeli.ge
mastsavlebeli.ge/?tag=მაია-ბლიაძე
2. Алтухов А. И. и др. `зеленая~ агроэкономика. монография под ред. Б. Н. Порфирьева, Москва, изд-во РГАУ-МСХА-2013.
3. Громова А. И. Зеленая экономика и устоичивое развитие сельского хозяйства. сотрудник кафедры мировой экономики, Санкт-петербургский Государственный университет.
4. Лыжин Ф. Н. Органическое сельское хозяйство, как часть `зеленой~ экономики. Перспективы и вызовы для России. сб. докладов. Москва.
5. Соколова Ж. Е. и др. Ринок органической продукции России: Современное состояние и потенциал развития. Экономика сельского хозяйства России. _ №5, 2014.
6. https://www.slideshare.net/cesbelarus/ss-69590989